მწვავე გენდერული უთანასწორობა სოფლად

თარიღი: პარასკევი, 15 აპრილი, 2016 წელი

სოფლად მცხოვრები ოჯახები, რომლებსაც ქალები უძღვებიან, უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრობენ, ვიდრე ოჯახები, რომლებშიც იგივე როლს კაცები ასრულებენ. სოციალური და კულტურული ბარიერების, საბავშვო ბაღების ნაკლებობის, ასევე, საოჯახო საქმეების ანაზღაურების გარეშე შესრულების ტვირთის გამო, ქალები საკუთარი უნარების განვითარებასა და შემოსავლის გენერირებას ვერ ახერხებენ. აშკარა გენდერული უთანასწორობების მიუხედავად, სოფლის მეურნეობის, რეგიონულ და სოფლის დონეზე არსებულ პოლიტიკებსა და სტრატეგიებში აღნიშული საკითხების მოსაგვარებლად აუცილებელი მიდგომები გათვალისწინებული არ არის.

სოფლად მცხოვრები ქალები; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/იუსტინა მელნიკევიჩი
ეს მხოლოდ რამდენიმე მიგნებაა ახალი კვლევიდან „სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელდა. საქართველოში ფერმერი ქალების მიერ დამუშავებული მიწის წილი 20%-ია, კაცების კი - 80% (საქსტატი, 2013წ.), ეკონომიკაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი 57%-ს უტოლდება, კაცების კი - 77%-ს (საქსტატი, 2015წ.). შესაბამისად, კვლევის მიზანი სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკის, პროგრამებისა და სერვისების გენდერული პერსპექტივიდან გაანალიზებაა. იგი ასევე არკვევს, თუ რამდენად იღებენ სარგებელს სოფლის მაცხოვრებლები, განსაკუთრებით კი ქალები, ამგვარი პოლიტიკების, პროგრამებისა და სერვისებისგან ქვეყნის თერთმეტიდან ექვს რეგიონში.

კვლევის შედეგად მიღებული შედეგები არასახარბიელოა: გამოკითხულთა 90% აღნიშნავს, რომ ფინანსურ სირთულეებს განიცდის, შინამეურნეობების 54%, სადაც ოჯახის მარჩენალი ქალია, აღნიშნავს, რომ სურსათის ყიდვასაც ძლივს ახერხებს, მარჩენალი კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 39%-ია. შიდა ქართლის გარდა, ყველა რეგიონში ქალები უფრო მეტი საათის განმავლობაში მუშაობენ, ვიდრე - კაცები: სახლის შიდა და გარე სამუშაოს გაერთიანების შემთხვევაში, ფოკუსური ჯგუფის მონაცემების მიხედვით, ქალები ყოველდღიურად კაცებზე 2.5 საათით (სამეგრელო) და 8 საათით (კახეთი) მეტს მუშაობენ.

სასოფლო-სამეურნეო სექტორში სამუშაო გენდერის მიხედვითაა გადანაწილებული. რეგიონების უმეტესობაში ქალები უფრო მეტად მეცხოველეობის სფეროში არიან ჩართულები, ხოლო კაცები - კულტურების მოყვანაში, თუმცა, ორივე მიმართულებით მუშაობისას, ქალები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით წელიწადში საშუალოდ 80 დღით უფრო მეტად არიან დაკავებულნი, ვიდრე - კაცები. ამის მიუხედავად, დამკვიდრებული სტერეოტიპების მიხედვით, ქალი სახლში უნდა იჯდეს და ბავშვებს უვლიდეს, მისი მუშაობა კი აღიარებული არ არის.


იმ ფაქტის მიუხედავად, რომ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ფერმერულ მეურნეობაშია დასაქმებული, კვლევის მიხედვით, მათ შეზღუდულად მიუწვდებათ ხელი სასოფლო-სამეურნეო განათლებაზე, ექსტენციის არსებული სერვისების შესახებ კი მხოლოდ ათიდან ერთს თუ გაუგია. ამ სერვისების ცოდნისა და ინფორმირებულობის თვალსაზრისით, კაცებსა და ქალებს შორის 20%-იანი განსხვავება გამოვლინდა (ქალები კაცებზე ნაკლებად ინფორმირებულნი არიან). გამოკითხულთა აბსოლუტურ უმრავლესობას სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია პირადი მოხმარებისთვის მოჰყავს. შემოსავლის მიღების მიზნით, მეურნეობის გაფართოებას მხოლოდ 20% გეგმავს (მათ შორის 40% ქალია და 60% - კაცი), ხოლო ერთ პროცენტზე ნაკლები უკვე მოქმედი კოოპერატივების წევრია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ქალები კოოპერატივების წევრების 25%-ს შეადგენენ.


გამოწვევას წარმოადგენს ხელმისაწვდომობა ამა თუ იმ სოციალურ სერვისზეც. კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის 30%-ს ნაკლებად მიუწვდება ხელი საბავშვო ბაღებზე და ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში დგას. ამ რეგიონებში ხელმისაწვდომობის ნაკლებობას მოსახლეობის ნახევარზე მეტი განიცდის. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობები შედარებით დიდი პროპორციით არიან წარმოდგენილები და, ენობრივი და კულტურული ბარიერების გამო, მარგინალიზაციისა და გარიყვის რისკი არსებობს. სოციალური ინფრასტრუქტურის მიწოდება არ მარტო სოციალური, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხიცაა. საბავშვო ბაღებზე წვდომას, სახლის სამუშაოს გარდა, ქალებისთვის სხვა საქმიანობისთვის საჭირო თავისუფალი დროის გამოთავისუფლება შეუძლია: მაგალითად, შემოსავლის მომტან საქმიანობაში ჩართვა, ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღებასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება, ან, უბრალოდ, დასვენება.


იმის მიუხედავად, რომ სამიზნე რეგიონებში განვითარების საჭროებები აშკარაა, გამოკითხულთა თითქმის 90%-მა აღნიშნა, რომ ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ისინი არ მონაწილეობენ. კვლევის სამიზნე რეგიონების საკრებულოებში ქალთა ოფიციალური წარმომადგენლობის საშუალო დონე 9%-ია. ძირითადმა ინფორმატორებმა მიუთითეს, რომ ქალები იშვიათად მონაწილეობენ საჯარო დისკუსიებში თემის განვითარების საკითხებზე(მაგალითად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ინიცირებული „სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში გამართული შეხვედრები).

კვლევაში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები პოლიტიკის, პროგრამებისა და სერვისების გასაუმჯობესებლად. ყურადღებისა და მხარდაჭერის გაზრდის კუთხით რამდენიმე საიმედო პრაქტიკაცაა გამოვლენილი. ძირითად რეკომენდაციებს შორისაა: ეროვნული და რეგიონული სტრატეგიების კოორდინაცია და გენდერული მეინსტრიმინგი; სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების მოპოვება; დაკავშირება იმ ქალებთან, რომლებიც ამ სერვისებითა და პროგრამებით სარგებლობენ; გენდერული მრჩევლების დახმარება; ასევე, გენდერზე ორიენტირებული ბიუჯეტირება მუნიციპალურ დონეზე. გამოვლენილ საიმედო პრაქტიკებს შორისაა პროგრამები, რომლებიც მცირე ფერმერ ქალებს ბაზრებზე გასვლაში უჭერენ მხარს; ასევე, ქალთა და მამაკაცთა ადგილობრივი თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბების ინიციატივები, რომლებიც თემში არსებული საჭიროებების გამოვლენისა და მათი დაკმაყოფილების მიზნით, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობენ.


სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.