გენდერული თანასწორობა კორპორაციული მდგრადობის ფარგლებში

თარიღი: შაბათი, 23 აპრილი, 2016 წელი

ქალები სამუშაო გარემოში დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმას განიცდიან, მათ შორის, დისკრიმინაციას დაქირავების დროს, კარიერულ საფეხურზე წინსვლასთან დაკავშირებულ ბარიერებსა და ერთნაირი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღების პრობლემებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების დაწესებულებებს უფრო მეტი ქალი ამთავრებს, ვიდრე მამაკაცი, ამგვარი დისკრიმინაცია მაინც არსებობს, თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ არადისკრიმინაციული სამუშაო გარემო, მრავალფეროვანი მუშახელი და ქალთა მეტი წარმომადგენლობა ყველა დონეზე ორგანიზაციის ეფექტურობასა და მოგებას ზრდის.

კონფერენცია "საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერა"; ფოტო: სამოქალაქო განვითარების სააგენტო
ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც სამსახურებრივ გარემოში გენდერული თანასწორობის საკითხის განხილვისას, თბილისში გამართულ „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CRS) საერთაშორისო კონფერენციაზე“ გაამახვილეს ყურადღება.

კონფერენციას „საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერა“ მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც 2 დღის განმავლობაში, კორპორაციულ მდგრადობას „მდგრადი განვითარების მიზნების“, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიღწეული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“, საქართველოში „გაეროს გლობალ კომპაქტის ადგილობრივი ქსელის“ ამოქმედების კონტექსტში განიხილავდნენ.

კონფერენციაზე ერთ-ერთ განსახილველ საკითხს კორპორაციული მდგრადობის გენდერული განზომილებები წარმოადგენდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა კარინ გორანსონმა „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ შესახებ (გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალ კომპაქტის ერთობლივი ინიციატივა) პრეზენტაცია წარადგინა და სამუშაო გარემოში ქალთა გაძლიერების მნიშვნელობა განმარტა: „პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქალთა უფლებები ადამიანის უფლებებია. ამას გარდა, ფაქტები გვიჩვენებს, რომ მას წვლილი შეაქვს კომპანიების მდგრადობაში. მიუხედავად ამისა, ქალები ეკონომიკურად ნაკლებად პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან და მათთვის შრომით ბაზარზე თუ სამუშაო გარემოში სხვადასხვა ბარიერი ჯერ კიდევ არსებობს. ბიზნესსექტორს შეუძლია მთავარი როლი ითამაშოს ამ სიტუაციის შეცვლაში. თანაც, დადასტურებულია, რომ ქალების აქტიურად გაძლიერება ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებაა“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ წარმომადგენელმა თინათინ ნადარეიშვილმა სამსახურში აყვანისას არსებულ დისკრიმინაციაზე გაამახვილა ყურადღება. მან დასაქმების შესახებ გამოქვეყნებული ის განაცხადები გააკრიტიკა, რომლებშიც „გასათხოვარ, სასიამოვნო გარეგნობის ქალებს“ ითხოვდნენ და დასაქმების მიზნით გამართულ ინტერვიუებზე ისაუბრა, რომელთა დროსაც შესაფერის(მდედრობითი სქესის) კანდიდატებს მათი ოჯახური მდგომარეობისა და ბავშვების რაოდენობის მიხედვით არჩევენ. კომპანია „საქართველოს ბიზნეს ზონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ზამბახიძემ ქალთა, განსაკუთრებით კი სოფლად მცხოვრებთა, გაძლიერების ადვოკატირებაზე ისაუბრა და მაგალითის სახით აღნიშნა, თუ რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა მისი კომპანიისთვის (და თემებისთვის) ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკები.

საქართველოს შრომის ბაზარი სქესის მიხედვით შესამჩნევადაა დაყოფილი. ქალები ეკონომიკურად თითქმის 20%-ით ნაკლებად აქტიურები არიან, ვიდრე - კაცები; ისინი საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი დაბალანაზღაურებად სექტორებსა და თანამდებობებზე, რაც გენდერული კუთხით ხელფასებში 34.8%-იან განსხვავებას ქმნის(თუ შევადარებთ გლობალურ საშუალოს, რაც 24%-ს შეადგენს); სამუშაო გარემოში სქესობრივი შევიწროება ტაბუდადებულ საკითხად რჩება(თუმცა, ამ საკითხის მიმართ ყურადღება ბოლო წლებში უფრო გაიზარდა); ოჯახში სამუშაოს ტრადიციული დაყოფა და გენდერული სტერეოტიპები ჯერ კიდევ ჭარბადაა დამკვიდრებული, განსაკუთრებით კი სოფლად. შრომის ბაზარსა და სამუშაო გარემოში თანასწორობის მიღწევა სხვადასხვა დაკავშირებული მხარის საერთო პასუხისმგებლობაა, მათ შორის მთავრობის, პროფკავშირებისა და დამსაქმებლების.

კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ გენდერული თანასწორობის მიღწევაში, როგორც სამუშაო ადგილებზე და სამუშაო ბაზარზე, ისე უშუალოდ თემში, ქალების შესაძლებლობებისა და ნიჭის ათვისებითა და მხარდაჭერით, ასევე, სქესობრივი შევიწროების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის დანერგვით. ამას გარდა, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბიზნესს შეუძლია წვლილი შეიტანოს გენდერულ თანასწორობასა და მდგრად განვითარებაში, თუ ის უზრუნველყოფს ქალების ხელმძღვანელ თანამდებობებსა და კომპანიის მმართველ საბჭოებში დაწინაურებას, მიწოდების ჯაჭვში მეტი ქალის ჩართვას და იმ თანამშრომლებისთვის, ვისაც ოჯახი ჰყავს, ხელსაყრელი სამუშაო პირობების შექმნას.

კონფერენცია „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებული იყო სამოქალაქო განვითარების სააგენტოს, საქართველოში გლობალ კომპაქტის ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებების სამდივნოს მიერ. იგი 22-23 აპრილს ჩატარდა.