კერძო სექტორის ჩართვა გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში

თარიღი:

კერძო სექტორი საქართველოში ყველაზე დიდი დამსაქმებლია და ის გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის კუთხით უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. 25-27 აპრილს, კომპანიებსა თუ ზოგადად ქალთა გაძლიერების პროცესში კერძო სექტორის აქტიურად ჩასართავად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ბიზნესის 30 წარმომადგენლისთვის ტრენინგები ჩაატარა. ტრენინგები საქართველოს მიკროსაფინანსო ასიციაციასა და საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით გაიმართა.

ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ტრენინგი გაიმართა; ფოტო: UN Women 
მდგრადი განვითარების დღის წესრიგში გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება, როგორც მდგრადი საზოგადოებების განვითარების საშუალება, ცენტრალურ ადგილს იკავებს, თუმცა გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით პროგრესი ამ დრომდე ნელი ტემპით მიდიოდა. საქართველოში ქალთა შრომით რესურსებში მონაწილეობა 57%-ია, ხოლო კაცების - 77% (საქსტატი, 2015წ.). ამასთან, შრომის ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური სეგრეგაცია აშკარად ნაკლებად სახარბიელო პირობებს ქმნის ქალებისთვის, რომლებიც დაბალანაზღაურებად სექტორებსა და თანამდებობებზე გაცილებით დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი. ამ კონტექსტში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობს, რათა გენდერული თანასწორობა და ის როლი, რაც ბიზნესებს ქალთა გაძლიერების კუთხით შეუძლიათ ითამაშონ, უფრო მეტად იყოს გაგებული.

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია, რომელიც 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აერთიანებს, ერთ-ერთი პირველი ჯგუფია, რომელმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) საფუძველზე გამართულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისისა და ასოციაციის რამდენიმე წევრის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდგომ ღონისძიებას წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ქალებისთვის ფინანსურ მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა გაანალიზდა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური ლებანიძე განმარტავს, თუ რატომ მოხდა მათი წევრებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ტრენინგის ორგანიზება: „გენდერული თანასწორობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი წევრებისთვის ეს პრიორიტეტია, ამიტომ „ქცევის კოდექსში“ ქალთა გაძლიერების პრინციპები ჩავრთეთ. ტრენინგიც ამ კოდექსის განხორციელების ნაწილია“,-აღნიშნა მან.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ტრენინგს ბიზნესის 30 წარმომადგენელი დაესწრო; ფოტო: UN Women
მთელ მსოფლიოში კერძო სექტორი უფრო და უფრო მეტადაა აღიარებული, როგორც ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი სოციალური განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. ამავდროულად, კომპანიებს პასუხისმგებლობა იმ ზეგავლენასთან დაკავშირებითაც აქვთ, რომლებსაც ისინი საზოგადოებებზე ახდენენ. საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა აქტუალური საკითხია და ამ კუთხით ფართო მასშტაბის პოტენციალი არსებობს. კორპორაციული მდგრადობის ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენლობამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, წევრ კომპანიებს ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ტრენინგები შესთავაზა. ტრენინგებში 16 ორგანიზაცია მონაწილეობდა, რომლებმაც სხვადასხვა საკითხი, მათ შორის ანტიდისკრიმინაცია, გენდერზე ორიენტირებული მიწოდების ჯაჭვის მართვა და სქესობრივი შევიწროება განიხილეს.

„ბევრ კომპანიას კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობად ქველმოქმედება მიაჩნია. ვხედავთ, რომ საჭიროა ცნობიერების ამაღლება, თუ როგორ უნდა მოხდეს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების, მათ შორის გენდერული თანასწორობის, ყველა დონეზე დანერგვა. გვსურს, ქალთა გაძლიერების პრინციპების თემაზე ტრენინგი უფრო მეტ წევრს შევთავაზოთ, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ პრაქტიკულ მითითებებზე, თუ როგორ გააძლიერონ ქალები თავიანთი ბიზნესოპერაციების მეშვეობით“,- განაცხადა ტრენინგის შემდეგ საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურმა მდივანმა მარიამ ხოხობაიამ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების თემაზე ჩატარებული ტრენინგები ქალთა გაძლიერების პრინციპებს ეფუძნება(რაც ერთობლივად არის შემუშავებული გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალ კომპაქტის მიერ). საქართველოს მიკროსაფინანსო დაწესებულებების ასოციაციისთვის ტრენინგი 27 აპრილს გაიმართა და მას 14 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, „ფინკა ბანკი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი აი ჯი“ (BIG) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტპლუსი“. 25 აპრილს ICC-სთან თანამშრომლობით გამართულ ტრენინგს 16 მონაწილე ჰყავდა. მათ შორის იყვნენ აღმასრულებელი მენეჯმენტის წარმომადგენლები, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა PricewaterhousCoopers, KPMG და GM Investment Group.