საზოგადოების დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ საქართველოში - ტენდენციები და მიდგომები

თარიღი:

შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება ოჯახში ძალადობის მიმართ საქართველოში? რამდენად გახსნილი გახდა საზოგადოება ამ თემასთან დაკავშირებით და როგორ იქცევიან ადამიანები, როდესაც თავად ხდებიან მსხვერპლები, ან ამგვარი ფაქტების შესახებ გაიგებენ?

"ლისისტრატე" - სპექტაკლი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; ფოტო: UN Women/მაკა გოგალაძე
ბოლო წლებში, ოჯახში ძალადობის გამოვლენილმა შემთხვევებმა საქართველოში საგრძნობლად იმატა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს აღნიშნული მონაცემები, ფაქტობრივად, გაორმაგდა, ხოლო2013 წლიდან 2015 წლამდე შემაკავებელი ორდერების რიცხვი 227-დან 2,598-მდე გაიზარდა.

ამ მაჩვენებლების ზრდას დიდწილად განაპირობებს ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ცვლილება: თუკი 2009 წელს ეს პრობლემა 78,3%-ს მხოლოდ „ოჯახის საქმედ“ მიაჩნდა და მსხვერპლები თუ მათი ახლობლები, საკმაოდ რთულ შემთხვევებშიც კი, შესაბამისი უწყებებისთვის შეტყობინებას ერიდებოდნენ, ახლა ეს დამოკიდებულება შეცვლილია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2013 წლის კვლევის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში“ შედეგებით, ახლა მხოლოდ 25%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა მხოლოდ ოჯახის საქმეა, 69% კი ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა დანაშაულია.


დღეისათვის გაზრდილია იმ პირთა რიცხვიც, ვინც სამართალდამცავებს ოჯახში ძალადობის პრობლემით მიმართავს, ან სახელმწიფო მომსახურებებით სარგებლობს. მაგალითად, 2013 წელს „112“-ის გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით ცენტრში 5,447 ზარი განხორციელდა. შემაკავებელი ორდერი მათგან მხოლოდ 212 შემთხვევაში გამოიცა. 2014 წელს კი ოჯახში ძალადობის შესახებ „112”-ის ცხელ ხაზზე 10,000-ზე მეტი შეტყობინება შევიდა და მათგან შემაკავებელი ორდერი 817 შემთხვევაზე გაიცა, თუმცა დანარჩენი შემთხვევები რა შედეგით დასრულდა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო მომსახურება ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზია, რომელიც მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის, ასევე ზოგადად მოსახლეობისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ცხელი ხაზი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2010 წლიდან მოქმედებს (შვედეთის მთავრობისგან მიღებული დაფინანსებით). იგი წარმოადგენს საკონსულტაციო სერვისს შესაბამისი სამსახურებისა და დახმარების, ოჯახში ძალადობის საკითხებისა და კრიზისული შემთხვევების დროს ინტერვენციის შესახებ. იურისტები ტელეფონის მეშვეობით აბონენტებს ინფორმაციას აწვდიან მსხვერპლთა/დაზარალებულთათვის არსებულ თავშესაფრებსა და სხვადასხვა მომსახურებებზე, ასევე ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივ მექანიზმებზე: დამცავ და შემაკავებელ ორდერებზე, სამართალწარმოების პროცედურებზე, ჯანდაცვის სამსახურებსა და სერვისებზე, ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე, იმ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

ცხელი ხაზის ნომერი 2 309 903 მიმდინარე წლიდან შეიცვალა და მის ნაცვლად ახალი ნომერი - 116 006 მოქმედებს. 2016 წლის იანვრის მდგომარეობით, ნებისმიერი ოპერატორიდან განხორციელებული ყველა ზარი, საერთაშორისო ზარების ჩათვლით, უფასოა. სერვისი ანონიმურია და 24 საათიანი. მას ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი კურირებს. მსხვერპლთა/დაზარალებულთა გარდა, ცხელ ხაზზე დახმარებისთვის მათი მეგობრები და ახლობლებიც ხშირად რეკავენ. „ჩემი მეგობარი იმდენად ზეწოლის ქვეშ არის, რომ ვერაფრით ვახერხებ მის დახმრებას. იქნებ დამეხმაროთ“, „ერთ ქალბატონს სისტემატურად სცემს მისი მეუღლე, რით დავეხმარო?“- ამგვარი თხოვნებით ცხელი ხაზის ოპერატორებს აბონენტები ხშირად მიმართავენ.

2015 წელს ოჯახში ძალადობის ცხელ ხაზზე 1,143-მა ადამიანმა დარეკა. მათ შორის ყველაზე მეტი (235) შემთხვევა ფიზიკურ ძალადობას შეეხებოდა, 182 კი - ფსიქოლოგიურს. 2013–2014 წლებშიც ცხელი ხაზის მეშვეობით ყველაზე ხშირად ფიზიკური ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა.სხვადასხვა ტიპის შეტყობინებების სიხშირის მიხე¬დვით, გასულ წლებშიც ფსიქოლოგიური ძალადობა მეორე ადგილზე იყო, რასაც სექსუალური და ეკონომიკური ძალადობა მოსდევდა, ხოლო იძულების შესახებ შეტყობინება ყველაზე იშვიათი იყო.

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში“ (2014) მიხედვით, ყველაზე ხშირად ძალადობის ფაქტის შეტყობინების მიზნით ცხელ ხაზზე თავად მსხვერპლები/დაზარალებულები რეკავენ, შემდეგ მეზობლები ან ნათესავები, ხოლო მამაკაცები და ბავშვები ამ მომსახურებას ძალიან იშვიათად მიმართავენ. თითოეული ზარის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.

ოჯახში ძალადობის ფენომენის მიმართ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისა და მიდგომების ცვლილებების შედეგად, ასევე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლების/დაზარალებულებისთვის არსებულ თავშესაფრებს იყენებენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის გაწეული დახმარების შედეგად (შვედეთის მთავრობისგან მიღებული დაფინანსებით), საქართველოს მასშტაბით ოთხი თავშესაფარი ფუნქციონირებს, რომლებიც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული ოთხი თავშესაფრით 155-მა ქალმა და ბავშვმა ისარგებლა, 2014 წელს - 114-მა, 2013 წელს კი - 100-მა.

იმის მიუხედავად, რომ ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულების მხრივ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები (მაგ. ზოგიერთს ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეს შეიძლება გამართლებული იყოს გარკვეულ გარემოებებში), უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი უკვე მიღწეულია. საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობისა და სხვადასხვა მხარის მიერ საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციები თანდთანად იწვევს ქცევის ცვლილებას, თუმცა ოჯახში ძალადობა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევად მაინც რჩება. ის ცოდნა და ინსტრუმენტები, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ამგვარი ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისთვის შემუშავდა, კიდევ უფრო სისტემატურად და ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული.