ქალთა ორგანიზაციები მშვიდობის მშენებლობის სათავეში

თარიღი:

ღია კარის დღე; ფოტო: UN Women
2015 წელი წარმოადგენს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის მე–15 საიუბილეო წელს. ამავდროულად, ის საქართველოში რეზოლუცია 1325-ის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ბოლო წელია. ამასთან დაკავშირებით გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს განვითარების პროგრამამ და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტმა ღია კარის დღე ჩაატარეს. ღონისძიება იძულებით გადაადგილებული პირების, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და მათი ორგანიზაციების გამოცდილებებისა და რეკომენდაციების გაზიარებას დაეთმო.

„ეს არის შეხვედრა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დრომდე ჩატარებულ სხვა შეხვედრებთან შედარებით, რადგან ეს არის შეხვედრა რეალურ ადამიანებთან, რომლის დროსაც შეგვიძლია განვიხილოთ საკითხები, რომლებიც ეხება ქალების მშვიდობის მშენებლობის პროცესებში ჩართულობის შესაძლებლობებს“, –განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა ღონისძიების გახსნაზე.

ღია კარის დღე უზრუნველყოფს შესაძლებლობას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისთვის უშუალოდ გაეროს ოფიციალურ წარმომადგენლებს წარუდგინონ საკუთარი პრიორიტეტული საჭიროებები. ამ უკანასკნელთათვის კი ეს არის შესაძლებლობა, გაეცნონ მნიშვნელოვან საკითხებს.ღონისძიებაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და გაეროს 40–მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში რეზოლუცია 1325-ის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების განხილვა და რეკომენდაციების გაცემა მეორე სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის, რომელიც ძალაში 2016 წელს უნდა შევიდეს.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მაია რუსეცკაიამ წარადგინა რეკომენდაციები ბოლო ანგარიშიდან, რომელშიც შეჯამებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პრიორიტეტები პირველ ეროვნულ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა გეგმის განხორციელებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის სიმწირეს და სახელმწიფო კონსულტაციების სიმცირეს კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებთან, რომლებიც აფხაზეთისა და ოსეთის თვითგამოცხადებული, სეპარატისული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ.

გამოსვლას მოჰყვა განხილვა, რომლის ძირითად საგანს რეზოლუცია 1325-ის (2016–2017) მეორე სამოქმედო გეგმის განვითარებაში ქალთა პრიორიტეტების გათვალისწინება წარმოადგენდა. წამოჭრილი პრობლემები ეხებოდა კონფლიქტისა და ძალადობის პრევენციას, ადგილობრივი დაგეგმარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას, ეკონომიკურ გაძლიერებას, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენას, ინფორმაციისა და სამედიცინო მომსახურების შეზღუდულ ხელმისაწვდომობას იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ცხოვრობენ.

„ ჩვენ გავაანალიზებთ რეკომენდაციებს და მათ სხვადასხვა სახით მსვლელობას მივცემთ, რადგან ზოგი მათგანი მცირებიუჯეტიანია, მაგრამ კოორდინაციას მოითხოვს, ზოგს კი ინვესტიცია სჭირდება. ცხადია, წინ გველის დიდი და რთული სამუშაო, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო საზოგადოების შენებაში ქალთა მნიშვნელოვანი მონაწილეობა და მათთვის უსაფრთხო საზოგადოებით სრულყოფილად სარგებლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა ღონისძიების ბოლოს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

გაეროს სააგენტოების მიერ წინა წლის ღია კარის დღის შედეგად ჩატარებული საქმიანობა დაინტერესებული მხარეებისთვის ანგარიშის სახით იქნება წარმოდგენილი, ხოლო რეკომენდაციებს, რომლებიც 2015 წლის ღია კარის დღეზე შემუშავდა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მსვლელობა მიეცემა, რათა მხარი დაეჭიროს საქართველოს მთავრობას 1325-ის მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.