სტოკჰოლმის დღიურები

თარიღი:

მწერალი დათო ტურაშვილი; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
სტოკჰოლმში ვერაფერი ვნახეთ (თითქმის), რადგან ის სამი დღე (დილიდან საღამომდე), სემინარებზე გავატარეთ და ვუსმენდით ადამიანებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საუბრობდნენ და ბევრ კონფერენციას კი დავსწრებივარ, მაგრამ თავი ასე კომფორტულად, არსად მიგრძვნია, რადგან აღმოჩნდა, რომ შვედები, ოფისებში შესვლისას, ფეხსაცმელებს იხდიან. თავიდან კი ძალიან გვეუცხოვა ეს არასავალდებულო წესი, მაგრამ მერე ძალიან მალე მივხვდით, რომ სითბოში ფეხშიშველი ჯდომა (და ოფისში ფეხშიშველი ტანტალი), ისეთი ნეტარებაა, რომ ნებისმიერი ადამიანის მოსმენა, უფრო ადვილია და სასარგებლო. საერთოდ კი მოსმენა, ისედაც ძალიან სასარგებლოა და მითუმეტეს მაშინ, როცა ძალადობის შემცირებაზე გელაპარაკებიან და შენ კი იცი, რომ შენს ქვეყანაში, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, ძალიან გაიზარდა. საქართველოში, ყოველწლიურად, იმდენი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი და იმდენი ქალს კლავენ ოჯახური კონფლიქტების გამო, რომ ამ პრობლემაზე საუბარიც კი, საკმაოდ რთული და უხერხულია. მართალია ჩვენს ქვეყანაში (იქ, სადაც ჯერ ისევ არ არსებობს კანონის უზენაესობა), ზოგჯერ კაცებსაც ჩაგრავენ და ზოგჯერ კაცებიც განიცდიან დისკრიმინციას, მაგრამ ქალებს (ხშირად), მხოლოდ იმიტომ ჩაგრავენ, რომ ისინი ქალები არიან და ამ მიზეზებს შორის, ძალიან დიდი განსხვავებაა.

ალბათ ამიტომაც მგონია, რომ როცა ქალებს (საქართველოში), მხოლოდ ქალები იცავენ და კაცების ხმა (ამ თვალსაზრისით), ნაკლებად ისმის, უკეთესობისკენ ცვლილებაც, ნაკლებად იგრძნობა და სამწუხარო სტატისტიკაც, სწორედ ამაზე მეტყველებს. სტოკჰოლმშიც, იმ ახალგაზრდა ქართველი კაცების ჯგუფთან ერთად ვიყავი, რომლებმაც ქალთა დამცველი ორგანიზაციის შექმნა გადაწყვიტეს საქართველოში და (ჩემთვის) ძალიან ლოგიკურიც არის, რომ ეს იდეა, ჩვენ მორაგბეებს ეკუთვნით. სტოკჰოლმის სემინარში მონაწილეობა კი, ისეთ ღირსეულ და წარმატებულ ადამიანებთან ერთად, როგორიც ქართველი მორაგბეები არიან, ჩემთვის დიდი პატივი იყო და მორაგბეების ამ მშვენიერ იდეას, საქართველოში, სხვა პროფესიის კაცებიც შეუერთდნენ. სტოკჰოლმი კი, სულაც არ იყო შემთხვევითი არჩევანი, რადგან შვედეთი, ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე მეწინავე ქვეყანაა მსოფლიოში და მათი გამოცდილების გაზიარება და მათი რჩევების მოსმენა, არათუ სასიამოვნო, ალბათ აუცილებელიც კია, თუ გვსურს რომ ჩვენ ქვეყანაში ძალადობა შემცირდეს და შეწყდეს. არადა შვედეთში, საქართველოსაგან განსხვავებით, არც ამდენი ტონა ღვინო დაულევიათ (ათეული წლების მანძილზე), ქალების სადღეგრძელოს წარმოთქმისას და არც ქალის კულტით უამაყიათ (ბოლო ხმაზე) სუფრასთან ჯდომისას, მაგრამ ჩვენი სტატისტიკა, შვედურთან შედარებით, მართლა ძალიან ტრაგიკულია. სტოკჰოლმში ისიც გვითხრეს, რომ ჩვენგან განსხვავებით, როცა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საუბრობენ, აუცილებლად იმასაც მიუთითებენ ხოლმე, რომ მოძალადეები, კაცები არიან და ქართულად კი, ამ დეტალის გარეშე, მხოლოდ ის არის ცხადი, რომ ქალი მსხვერპლია, მაგრამ მოძალადის ვინაობა და სქესი, საერთოდ არ ჩანს. თუმცა ეს ხაზგასმა, შესაძლებელია იმიტომაც იყოს აუცილებელი, რომ შოთა რუსთაველის ქვეყანაში, სადაც თანასწორობაზე, ჯერ კიდევ მეთორმეტე საუკუნეში ლაპარაკობდნენ, ქალებს, სუსტი სქესის წარმომადგენლებად არ თვლიდნენ სწორედ იმიტომ, რომ მერე კაცებმა მათ მიმართ ძალადობა გაამართლონ. (არადა ყველაზე მეტს და ყველაზე ხშირად, ყველაზე მთავარ ქართულ წიგნში, სწორედ კაცები ტირიან და მიუხედავად ამისა, პატარა ბიჭებს საქართველოში (რომლებიც ტირილს აპირებენ), უფროსები დღემდე ამუნათებენ, რომ ტირილი, მხოლოდ გოგოების საქმეა).

ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქალების ჩაგვრას, ხშირად თვითონ ქალებიც ამართლებენ და ხშირად ოჯახური ძალადობის შესახებ, ხმამაღლა, არც კი საუბრობენ და მთელი ცხოვრების მანძილზეითმენენ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას ქმრებისა თუ უბრალოდ მამრი პარტნიორების მხრიდან.

ერთადერთი, რისი ნახვაც სტოკჰოლმში მოვასწარით, ასტრიდ ლინდგრენის შესანიშნავი მუზეუმი იყო, რომელსაც მაღაზიაც გადასარევი ჰქონდა, მაგრამ კარლსონის სუვენირი (რომელსაც რახანია ვეძებ), იქაც ვერ აღმოვაჩინე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ შვედებისთვის, მურაბის ქურდი კარლსონიც, ჩვეულებრივი კრიმინალია და ამიტომაც მისი სუვენირი, არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენთვის, ზემოთქმული, რასაკვირველია ძნელი დასაჯერებელი და ძნელად ასახსნელი და გასაგებია, რადგან კარლსონი რომ მურაბას იპარავდა, ამას ძალიან ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამდით და მეტიც _ მაშინაც ვგიჟდებოდი კარლსონზე და ახლაც ისე გულწრფელად მიყვარს, როგორც იმ შორეულ ბავშვობაში, მაგრამ იქნებ ისიც არ არის შემთხვევითი, რომ ქართულად, ყაჩაღსა და ყოჩაღს (ერთმანეთისგან), მხოლოდ ერთადერთი ასო განასხვავებს.

იქნებ იმ ჩვენ არასწორ აღზრდაში არის კიდეც მთავარი პრობლემა, როცა ბავშვური ცნობიერების ჩამოყალიბებისას, ისეთ შეცდომებს ვუშვებთ დიდები, რისი გამოსწორებაც, მერე, შეუძლებელი ხდება და ჩვენც, ჩვენი დუმილით თუ პასიურობით, იმ დანაშაულის თანამოაზრეები ვხდებით, რასაც ქალთა მიმართ ძალადობა ჰქვია...

დათო ტურაშვილი

ნოემბერი, 2015წ.