ურთიერთგაგების მემორანდუმი ქალებისთვის სამუშაო ადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობისთვის

თარიღი: პარასკევი, 20 ნოემბერი, 2015 წელი

მემორანდუმის გაფორმება; ფოტო: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ ხელს შეუწყობენ ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელებას, რათა ქალებს უფრო ფართოდ მიუწვდებოდეთ ხელი იმ სფეროებში განათლებასა და დასაქმებაზე, რომლებშიც მამაკაცები დომინირებენ. სწორედ ეს იყო მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის მთავარი შეთანხმება.

ქალთა გაძლიერების პრინციპები - ეს არის შვიდი პრინციპი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის მიერაა შემუშავებული. ეს პრინციპები წარმოადგენენ სახელმძღვანელოს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალთა გაძლიერება ბიზნესში და ბიზნესის მეშვეობით. 20 ნოემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და აიღეს ვალდებულება, ერთობლივად შეუწყონ ხელი აღნიშნული პრინციპების განხორციელებას მეცნიერებაში, ტექნოლოგიებში, ინჟინერიასა და მათემატიკაში ტექნიკური და პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, ასევე ბიზნესის მეშვეობით. ამ სფეროებში მამაკაცები დომინირებენ, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ კი უზრუნველყოფს დახმარებას განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად და შრომის ბაზრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ეს სწორედ ის სფეროებია, რომლებშიც არსებობს სტერეოტიპების დამსხვრევის და სტუდენტისა თუ დასაქმებულის სახით მეტი ქალის ჩართვის დიდი პოტენციალი.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიების მსვლელობისას საგანგებო დავალებათა ელჩმა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა თამარ ბერუჩაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერი კლემენტმა და „ოუფენ ნეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ნაკაშიძემ ხაზი გაუსვეს ტექნიკური, პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესკომპანიების მნიშვნელოვან როლს ქალთა გაძლიერების საქმეში. ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელების, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ თანამშრომლობა მიმართული იქნება ქალთა გაძლიერების მეოთხე პრინციპის - ქალთა განათლების, ტრენინგისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - განხორციელებაში დახმარების გაწევაზე.