ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 2016-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

თარიღი: პარასკევი, 6 ნოემბერი, 2015 წელი

შეხვედრა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 5-6 ნოემბერს დაბა გუდაურში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის შემუშავება.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც სამოქმედო გეგმის მიზნებზე, ამოცანებსა და საქმიანობებზე შეთანხმდნენ. სამოქმედო გეგმის ინდიკატორების, ბიუჯეტის ნაწილის შემუშავებისა და დახვეწის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN) სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთათვის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებას გეგმავს, რის შედეგადაც სამოქმედო გეგმაში აღნიშნული კომპონენტების გათვალისწინება მოხდება.

სამოქმედო გეგმის პროექტზე მუშაობის შემდეგ ეტაპზე უზრუნველყოფილი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობა. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობის დასრულებას და მის დამტკიცებას საქართველოს მთავრობა მომავალი წლის იანვარში გეგმავს.