მზაობა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისთვის

თარიღი: სამშაბათი, 4 აგვისტო, 2015 წელი

სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა; ფოტო: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ''ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ" სტამბოლის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებისა და კონვენციის რატიფიკაციის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა.

პაკეტთან დაკავშირებით ერთთვიანი საჯარო დისკუსია მიმდინარეობდა. შენიშვნებისა და წინადადებების შემუშავებისა თუ სრულყოფის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრებმა, კონვენციის მოთხოვნებისა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე, ცვლილებები და დამატებები მოამზადეს, რომლებიც განსახილველად იუსტიციის სამინისტროს წარუდგინეს.

4 აგვისტოს თბილისის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივა შემაკავებელი ორდერის გამოცემის პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება. კერძოდ, შემაკავებელი ორდერს, რომელსაც პოლიციის თანამშრომელი გამოწერს, დასამტკიცებლად სასამართლოში წარდგენა აღარ დასჭირდება და გამოცემისთანავე ძალაში შევა. ეს ცვლილება კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის უკვე, არა მარტო ოჯახში ძალადობას, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც მოიცავს.

ამას გარდა, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი − ადევნება, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. ის მოიცავს უკანონო თვალთვალს, სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით არასასურველ კომუნიკაციას, ან ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებას, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან შიშს და აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი ან ქმნის ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის საჭიროებას.
სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება სტერილიზაციის იძულებაც, რაც წინასწარი თანხმობის გარეშე პირისათვის ისეთი ოპერაციის ჩატარებას გულისხმობს, რომლის მიზანი ან შედეგი პირის ბუნებრივი აღწარმოების უნარის შეწყვეტა ან/და მისი სრული მოშლაა.

აგვისტო-სექტემბერი დაეთმობა იუსტიცის სამინისტროს და არასამთავრობო სექტორის ერთობლივ კონსულტაციებს რეგიონებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფასილიტაციით. იუსტიციის სამინისტრო აღნიშნული ცვლილებების ინიცირებას პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე გეგმავს, ხოლო მისი დამტკიცების შემდეგ დღის წესრიგში დადგება სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხი. საქართელოს იუსიტიციის მინისტრმა აღიშნულ კონვენციას ხელი 2014 წლის 19 ივნისს მოაწერა.