სათემო თვითდახმარების ჯგუფი მარნეულის რეგიონში საბავშვო ბაღს ეხმარება

თარიღი: ორშაბათი, 15 ივნისი, 2015 წელი

სათემო სახლი მარნეულში; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში, რომელიც მეტწილად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, ადგილობრივი ქალების თვითდახმარების ჯგუფის მხარდაჭერით სათემო სახლი გარემონტდა. სახლი დამიაში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრის ადგილი გახდება. სოფელში ასეთი რამ პირველად მოხდა.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტისთვის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“, რომელიც ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ. საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი თვითდახმარების ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი მხარდაჭერა პროექტის სათემო ნაწილის ძირითადი საქმიანობაა, რომელიც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ფონდ „ტასოსთან“ პარტნიორობით მიმდინარეობს. 

სოციალური მობილიზაციის სამუშაოს დახმარებით, პროექტის ყველა სამიზნე რეგიონში 41 თვითდახმარების ჯგუფი შეიქმნა. მცირე გრანტებით ამ ჯგუფებმა თემის წევრების ეკონომიკური და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად პროექტები განახორციელეს. ხშირად საწყისი პროექტები - ბიბლიოთეკის დაარსება, მცირე მეფუტკრეობის მეურნეობის შექმნა ან დღის ცენტრის განახლება - თემის განვითარების მიმართ ხედვას უფრო მეტად აფართოებს. ხშირად ეს ის პირველი პროექტებია, რომელთა განხორციელებასაც ჯგუფი ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად იწყებს.

სათემო სახლის წარმატებით გახსნამ, რომელმაც უკვე უმასპინძლა პირველ თოჯინურ სპექტაკლს სოფლის ბავშვებისთვის, დამიაში არსებული თვითდახმარების ჯგუფის სულისკვეთება აამაღლა. „ადრე გვეგონა, რომ დახმარებისთვის მთავრობას უნდა დავლოდებოდით. ახლა უკვე ვაცნობიერებთ, რომ ჩვენც შეგვიძლია პროაქტიულები ვიყოთ და მთავრობასთან ჩვენი საჭიროებების შესახებ დიალოგი წამოვიწყოთ “, - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. 

შემდეგი პროექტი, რომელიც თვითდახმარების ჯგუფსა და ადგილობრივ მთავრობას შორის უკვე შეთანხმებულია, საბავშვო ბაღის გახსნას ეხება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის და „ფონდ ტასოს“ მიერ დაფინანსებული მცირე გრანტის დახმარებით, ჯგუფი მუნიციპალიტეტის შენობაში ერთ ოთახს გაარემონტებს. ამის შემდეგ კი ადგილობრივი მთავრობა შენობის დანარჩენ ნაწილს შეაკეთებს და შესაბამისად გადამზადებულ პერსონალს გამოყოფს.

სოფლის თვითდახმარების ჯგუფი მრავალი წამახალისებელი მაგალითიდან ერთ-ერთია, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან ქალთა გაძლიერება, სოციალური მობილიზაცია და განვითარება.