ქალი მთაში

თარიღი: ოთხშაბათი, 27 მაისი, 2015 წელი

ნანი მანაგაძე: ფოტო: მაკა გოგალაძე/გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ნანი მანაგაძე ყოველ დილას ცაგერში ჩასასვლელად რთული გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთს ფეხით გადის. ქართული მაღალმთიანი სოფლების უმეტესობის მსგავსად, ნანის სოფელ გვესოშიც რაიონამდე სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ დილის 9 საათზე გადის, ხშირად კი მასში ყველა მგზავრისთვის ადგილი არც არის. მიუხედავად ამისა, 60 წლის ნანი ყოველდღე ცაგერისკენ ფეხით მიიჩქარის. რამდენიმე თვეა რაიონში ჩასასვლელად სამსახურის გარდა (ნანი ბუღალტერია სპორტულ სკოლაში) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს: ის ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის „ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირის“ წევრია. ეს ორგანიზაცია იმ ლეჩხუმელ ქალებს აერთიანებს, რომლებსაც საკუთარი და თემის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა სურთ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ნანის ქუთაისიდან „მეწარმე ქალთა ფონდი დაუკავშირდა“, ორგანიზაცია UN Women-ისა და და ევროკავშრის ერთობლივი პროექტის კონკურსის გამარჯვებული იყო და მთიან რეგიონებში მცხოვრები ქალთა გაძლიერებაზე იწყებდა მუშაობას. ნანის უთხრეს, რომ პროექტის მიზნებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა, საჯარო თვითმმართველობის გაცნობა, აქტიური მოქალაქეობა, ადვოკატირება და გენდერული თანასწორობა წარმოადგენდა. დაინტერესდა, ინიციატივაში ჩაერთო და მცირე ბიზნესის საფუძვლებში, ადვოკატირებასა და გენდერულ თანასწორობაში ტრენინგები გაიარა. მერე კი სხვა მოხალისე ქალებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციაც ჩამოაყალიბა. „ჯერ ახალბედები ვართ და ბევრის სწავლა გვიწევს, მაგრამ ის ფაქტი მახარებს, რომ ბევრ ქალს აქვს სურვილი ორგანიზაციაში გაწევრიანების",-ამბობს ნანი. 

ნანი მანაგაძე; ფოტო: მაკა გოგალაძე/გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ქალებს მაღალმთიან რეგიონებში განსაკუთრებული საჭიროებები და ბევრი პრობლემა აქვთ. ურთულესი პირობები, მძიმე სოციალური ფონი და უმუშევრობა ხშირად დედაქალაქში მიგრაციის მიზეზი ხდება. ამას ისიც ემატება, რომ მათ აზრს ანგარიშს თითქმის არ უწევენ. „აქ იცით როგორ ფიქრობენ? ქალი თავდახრილი უნდა იყოს და თუ ვინმე ეტყვის, საქმე მაშინ გააკეთოს. ამ პროექტმა ჩვენი თავი სხვანაირად გაგვაცნო, სხვა ამპლუაში დაგვანახა, თავდაჯერებულობა მოგვცა. ახლა გვინდა საკუთარი თავიც წარმოვაჩინოთ და სხვა ქალების პრობლემებზეც ვიზრუნოთ, მათაც ვაჩვენოთ, რომ არ უნდა შეეშინდეთ, იაქტიურონ“, - ამბობს ნანი.

მთის და რაიონის გასაძლიერებლად მხოლოდ ქალების გაერთიანება არ კმარა, საინტერესო ინიციატივებიც საჭიროა. ნანის საკუთარი იდეა აქვს: „ლეჩხუმშიც და მეზობელ რაჭაშიც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. აქაური ხილი საუკეთესოა, არადა, თითქმის სულ გვილპება. ძალიან მინდა მცირე გადამამუშავებელი საამქრო გავაკეთოთ, მაგალითად, ჩირის დამზადების. თან სოციალურად დაუცველი ადამიანებიც რომ დასაქმდნენ, ისე. სულ იმას წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვმუშაობ ამ საწარმოში. იქნებ გამოგვივიდეს“,- ამბობს ნანი.

ახლაბედა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრს მეორე სურვილიც აქვს: იმ ამორტიზებული, თითქმის მწყობრიდან გამოსული სპორტული დარბაზის აღდგენა, რომელ სკოლაშიც თავად მუშაობს. სურს, რომ ახაგაზრდებმა სპორტული ცხოვრებით ცხოვრება მთაშიც შეძლონ. იცის, რომ ადვოკატირება და სამოქალაქო აქტივიზმი ამაშიც სჭირდება.

„ლეჩხუმის ქალთა რეგიონალური კავშირი“ სექტემბერში ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს და რეგიონს საკუთარ თავს წარუდგენს. წინ ბევრი გეგმა და კიდევ უფრო მეტი სამუშაოა, ნანის კი ჯერ ის 3 კილომეტრი ელოდება, რომელიც სახლამდე კვლავ ფეხით უნდა გაიაროს.