გამოძიებები

„ანგარიშვალდებულებისა და პრინციპულობის ხელშეწყობა და მიუკერძოებელი და სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება“

დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ანგარიშგება | რას წარმოადგენს აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი (OAI)?

გაეროს განვითარების პროგრამის აუდიტისა და გამოძიებათა ოფისს (OAI) ეკისრება პასუხისმგებლობა, გაეროს ქალთა ორგანიზაციას საჭიროებისამებრ გაუწიოს სააუდიტორო მომსახურება. ამ ოფისის გამოძიებათა განყოფილება აფასებს და საჭიროების შემთხვევაში იძიებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლების ან გაეროს ქალთა ორგანიზაციის საზიანოდ მესამე პირთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი თაღლითობის, კორუფციის ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტებს. აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი ადგენს ფაქტებს, რაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის ხელმძღვანელობას აძლევს შესაძლებლობას, წამოიწყოს დისციპლინური წარმოება ან სხვა სანქციები. აუდიტისა და გამოძიებათა ოფისმა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის დააარსა საგანგებო „თაღლითობის საწინააღმდეგო ცხელი ხაზი“, რათა იმ პირებს, რომელთაც სურთ, შეატყობინონ თაღლითობის, კორუფციის ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, უფასოდ და კონფიდენციალურობის დაცვით.

დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ შეტყობინება

გაეროს ქალთა ორგანიზაციას ნულოვანი ტოლერანტობა აქვს თაღლითობის, კორუფციისა და ნებისმიერი სხვა სახის დანაშაულებრივი ქმედებების მიმართ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია თაღლითობის, კორუფციის და ნებისმიერი სხვა სახის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ ყველანაირ შეტყობინებას სერიოზულად ეკიდება. მან გაეროს განვითარების პროგრამის აუდიტისა და გამოძიებათა ოფისს დააკისრა, შეესრულებინა იმ ძირითადი არხის როლი, რომლითაც მიიღებს და გამოიძიებს ამგვარ სავარაუდო შემთხვევებს.

ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების საწინააღმდეგოდ ან გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი თაღლითობის, კორუფციის ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების ფაქტების შესახებ, მოვუწოდებთ, შეგვატყობინოს ეს ინფორმაცია გამოძიებათა ცხელი ხაზის მეშვეობით.

გამოძიებათა ცხელი ხაზი

შესაძლებელია „თაღლითობის საწინააღმდეგო ცხელ ხაზთან“ (გამოძიებათა ცხელი ხაზი), რომელსაც კონფიდენციალურობის დაცვის უზრუნველსაყოფად აუდიტისა და გამოძიებათა ოფისის სახელით მომსახურების დამოუკიდებელი მომწოდებელი მართავს, პირდაპირ და უფასოდ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახით დაკავშირება:

ონლაინ მიმართვის ფორმა
(თქვენ გადაგამისამართებენ დამოუკიდებელ მესამე მხარე საიტზე)

ტელეფონი:
მთელი მსოფლიოს მასშტაბით: +1 678 248-7275
(წინასწარ გადახდილი საერთაშორის ზარი; თარჯიმნების 24 საათიანი მომსახურება)
აშშ: +1 855 827-4949 (უფასო ზარი)
ფაქსი +1 770 409-5008 მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ელექტრონული ფოსტა: unwhotline@undp.org

ჩვეულებრივი ფოსტა:
Deputy Director (Investigations)
Office of Audit and Investigations
United Nations Development Programme
One UN Plaza, DC1, 4th Floor
New York, NY 10017 USA

იმ ადამიანებს, ვინც დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ გამოძიებათა ცხელი ხაზის მეშვეობით ტოვებს შეტყობინებას, შეუძლიათ დატოვონ შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია, ან ეს ანონიმურად გააკეთონ.  სამუშაო ადგილზე შევიწროებისა და 

ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ შეტყობინების ანონიმურად გაკეთება დაუშვებელია.

ადამიანებმა, რომლებიც გამოძიებათა ცხელ ხაზზე ტოვებენ შეტყობინებას,  მასში რაც შეიძლება დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა ასახონ, მათ შორის ძირითადი დეტალები  თუ ვინ მონაწილეობდა ინციდენტში, რა, სად, როდის და როგორ მოხდა. კონკრეტული ინფორმაცია აუდიტისა და გამოძიებათა ოფისს სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების სათანადოდ გამოძიების საშუალებას მისცემს.

კონფიდენციალურობა

მომჩივნის ან მოწმის თხოვნა კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შესრულდება შესაძლებლობის ფარგლებში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება გამოძიების ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე.

არასწორი ინფორმაციის შეტყობინება

აუდიტისა და გამოძიებათა ოფისისთვის არასწორი ინფორმაციის შეგნებულად გადაცემა დარღვევას წარმოადგენს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია სანქციას დააკისრებს ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც შეგნებულად წამოაყენებს ტყუილ ბრალდებას ან განზრახ წარადგენს არასწორ ინფორმაციას.

სამაგიეროს გადახდის შესახებ შეტყობინება

თანამშრომლებს აქვთ უფლება, დაცულები იყვნენ სამაგიეროს გადახდისგან იმის გამო, რომ მათ შეატყობინეს სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ან ითანამშრომლეს უფლებამოსილ შემმოწმებელ ან გამომძიებელ ორგანოებთან. გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათ წინააღმდეგ განხორციელდა სამაგიეროს გადახდისკენ მიმართული ქმედება, მთელი დამადასტურებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია გაეროს ეთიკის ოფისს (ethicsoffice[at]un.org) უნდა გაუგზავნონ. თუ გაეროს ეთიკის ოფისი დაადგენს, რომ ადგილი აქვს სამაგიეროს გადახდის სარწმუნო შემთხვევას ან სამაგიეროს გადახდის საფრთხეს, იგი საქმეს გამოსაძიებლად აუდიტისა და გამოძიებათა ოფისს გადასცემს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ყველა ღონეს იხმარს, რათა დაიცვას შეტყობინების წარმდგენი ადამიანები: იგი სანქციებს დაუწესებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამაგიეროს უხდიან დანაშაულებრივი ქმედების შესახებ შეტყობინების წარმდგენ პირებს.

რას წარმოადგენს აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი?

აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი (OAI), გაეროს ქალთა ორგანიზაციის აუდიტის განყოფილების მეშვეობით,  გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის დამოუკიდებელ და ობიექტურ შიდა კონტროლს ახორციელებს, რომლის მიზანია, გაუმჯობესდეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობა და ქმედითობა, რათა მან  განვითარების სფეროში თავის მიზნებს და ამოცანებს მიაღწიოს. აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი ახორციელებს შიდა აუდიტს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას უწევს მასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას. გამოძიების განყოფილების მეშეობით კი, აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი გაეროს ქალთა ორგანიზაციას გამოძიების მომსახურებას უწევს.

როგორია გაეროს ქალთა ორგანიზაციას გამოძიების მანდატი?

აუდიტისა და გამოძიებათა ოფისის გამოძიების განყოფილებას მინიჭებული აქვს მანდატი - გამოიძიოს გაეროს პერსონალის და სხვა თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, ასევე სხვა პირების, მხარეებისა თუ ორგანიზაციების მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საზიანოდ სავარაუდოდ ჩადენილი თაღლითობისა და კორუფციის ფაქტები. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გამოძიების ჩატარების მანდატი მხოლოდ ერთ სამსახურს - აუდიტისა და გამოძიებათა ოფისს - აქვს მინიჭებული.

რას იძიებს აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი?

აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი აწარმოებს გამოძიებას შემდეგი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შემთხვევაში:

  • თაღლითობა შესყიდვების პროცესში;
  • კორუფცია და მექრთამეობა;
  • ქურდობა და სხვისი ქონების მითვისება;
  • თაღლითობა რაიმე უფლებების მინიჭებასთან დაკავშირებით;
  • რესურსების არასათანადოდ გამოყენება;
  • ფაქტების არასწორად წარდგენა;
  • ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;
  • თანამშრომლების  არასათანადო წესით აყვანა;
  •  სამაგიეროს გადახდა შეტყობინების წარმდგენი პირებისთვის;
  • სექსუალური ექსპლუატაცია და სექსუალური შეურაცხყოფა;
  • დაშინება და მუქარა;
  • შევიწროება სამუშაო ადგილზე;
  • ძალაუფლების ბოროტად გამოყენება;
  • ადგილობრივი კანონების შეუსრულებლობა/პრივილეგიებისა და იმუნიტეტის ბოროტად გამოყენება;
  • ნებისმიერი სხვა დარღვევა, როგორიცაა რეგულაციების, წესებისა და ადმინისტრაციული მითითებების განზრახ, უპასუხისმგებლობით ან უხეში დაუდევრობით უგულებელყოფა.

რას არ იძიებს აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი?

აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი არ იძიებს შეტყობინებას ისეთი სავარაუდო ქმედებების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს არა დანაშაულებრივ ქმედებას, არამედ მიუთითებს ხელმძღვანელობის ან ადამიანებს შორის ურთიერთობის საკითხებზე.

როგორ აწარმოებს გამოძიებას აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი?

გამოძიებებს ფაქტების დასადგენად აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი აწარმოებს ეთიკურად, პროფესიონალურად და მიუკერძოებლად, გაეროს ქცევის სტანდარტებთან შეუსაბამობის მოსაგვარებელი გაეროს ქალთა ორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩოს, საერთაშორისო გამომძიებელთა კონფერენციის მიერ მიღებული გამოძიების ერთიანი სახელმძღვანელო პრინციპების და აუდიტისა და გამოძიებათა ოფისის გამოძიების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.

რას გააკეთებს აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი?

აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი დაადასტურებს ყველა სავარაუდო ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღებას. აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი მიიღებს ანონიმურ შეტყობინებებს, გარდა სამუშაო ადგილზე შევიწროებისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესახებ შეტყობინებებისა. აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი განიხილავს შეტყობინებებში მითითებულ ფაქტებს და ჩაატარებს წინასწარ შეფასებას, რათა დაადგინოს, არის თუ არა საკმარისი ნიშნები იმისათვის, რომ წამოწყებულ იქნეს ოფიციალური გამოძიება.

ოფიციალური გამოძიების პროცესში აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი დაადგენს ფაქტებს და თავის აღმოჩენებს მტკიცებულებებით გაამყარებს. თავისი გამოძიების შესახებ ანგარიშებს აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი წარუდგენს გაეროს ქალთა ორგანიზაციას, რათა ამ უკანასკნელმა გადაწყვიტოს, რომელი ზომა უნდა გატარდეს - დისციპლინური წარმოება თუ ადმინისტრაციული ქმედება. თუ გამოძიება არ დაადასტურებს დანაშაულებრივ ქმედებას, აუდიტისა და გამოძიებათა ოფისი საქმეს დახურავს და ამის შესახებ შესაბამის პირს აცნობებს.

რას ნიშნავს „სათანადო პროცესი“?

სათანადო პროცესი ნიშნავს, რომ გამოძიება ტარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ და პროფესიონალურად. აუდიტისა და გამოძიებათა ოფისის გამომძიებლები გამოძიების ობიექტებს აძლევენ შესაძლებლობას, წარმოადგინონ მომხდარის მათეული ვერსიები, შესაბამისი მტკიცებულებები და მოწმეები. გამოძიების ნებისმიერ ობიექტს შეუძლია, სთხოვოს სხვა თანამშრომელს ან ოჯახის წევრს მასთან გასაუბრებაზე დასწრება დამკვირვებლის სახით, შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით.